პოლიტიკა

ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში ყოფილი მებრძოლი კონსტანტინე ჯღამაია დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება უკრაინაში ყოფილმა მებრძოლმა, კონსტანტინე ჯღამაიამ მისცა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მას ჟურნალისტების კითხვებზე არ უპასუხია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მისი „სახელი და გვარი კითხეს“ და რომ „არაფერი ახსოვს“.

რაც შეეხება ჯღამაიას ადვოკატს, თორნიკე ჩიქოვანს, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან, როგორც ის განმარტავს, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

„საქმის ირგვლივ იყო საუბარი, მისი ცხოვრების წესზე და რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული პერიოდი იბრძოდა. ასევე იმასთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარკვეულ პირებთან დაკავშირებით გაავრცელა. კონსტანტინე ჯღამაიამ ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას ჰქონდა. მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ გამოძიებასთან”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს.

კონსტანტინე ჯღამაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

გურიაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია