დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ. არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები, – ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულების ბრალეულობა დადასტურდება.
„დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართება აღნიშნულ საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. ჩვენ შესავალ სიტყვაში მიმოვიხილავთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება და მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობა. შესაბამისად, აღნიშნული სხდომა დაეთმობა შესავალი სიტყვების წარმოთქმას.
როგორც მოგეხსენებათ, საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა საკმაოდ ამომწურავად ჩატარდა. აღნიშნული ექსპერტიზა, ყველა საკითხს შეეხო, ყველა კითხვას გასცა პასუხი, თუმცა აღნიშნულით პირდაპირ დადასტურდა „გრინსერვის პლუსის“ და სხვა ბრალდებულების ბრალეულობა. კერძოდ, დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ, არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები და შესაბამისად, ამ ნორმების დაუცველობამ გამოიწვია დამდგარი შედეგი. შესაბამისად, რაიმე ახალ ისეთ მტკიცებულებას, რაც ბრალეულობას გამორიცხავს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით დაცვის მხარისგან და ბუნებრივია, ვერც წარმოადგენენ იმიტომ, რომ ექსპერტიზა უკვე დასრულებულია.
დაცვის მხარესაც ექსპერტიზა დანიშნული აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ჩვენი ექსპერტიზაც აღნიშნულ ბიუროში ჩატარდა და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ რაიმე წინააღმდეგობა იყოს ორი ექსპერტიზის დასკვნას შორის. როგორც გითხარით, ექსპერტიზა საკმაოდ ამომწურავი კითხვებით ჩატარდა, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და ამ ექსპერტიზებით დადასტურდა ბრალდებულების ბრალეულობა“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ – “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).”გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).