ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით… გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხული სახარება იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი სულისთვის, რომ ეს ეპიზოდი წელიწადში ორჯერ იკითხება ეკლესიებში – დიდმარხვასა და აი, დღეს, სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას. მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ პარალიზებული ადამიანის სასწაულებრივი განკურნების შესახებ, რომელიც მისმა ოთხმა მეგობარმა მოიყვანა და მწოლიარე იყო სარეცელზე, საწოლზე მწოლიარე მდგომარეობაში მოიყვანეს უფალთან. და უფალი იესო ქრისტეს მას ასეთ სიტყვებს ეტყვის: „შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. შენ შეგიძლია, ადგე და გაიარო“.
ასეთი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ. ამ ადამიანს არ შეეძლო არც რწმენის გამოხატვა, არც საუბარი, საერთოდ, არაფერი უთქვამს მას, არც სინანულის გამოხატვა, არაფერი, მაგრამ აი, ეს რწმენა ჰქონდა მის ოთხ მეგობარს. და სახარება ამბობს, რომ უფალმა იხილა რა ეს სარწმუნოება მათი, ასე განკურნა ეს ადამიანი. მათ ჰქონდათ რწმენა იესო ქრისტესი, რწმენა მისი მაკურნებელი ძალისა და ამიტომაც მოჰყავთ იგი ქრისტესთან.
მაგრამ მარტო რწმენა ვერ იზამდა ამ სასწაულს. რწმენასთან ერთად, ამ მეგობრებს ჰქონდათ დიდი სიყვარული ამ თავისი სნეული მეგობრისა, ძალიან უყვარდათ იგი. როგორც ჩანს, იგი იყო განსაკუთრებით მოსიყვარულე თავადაც და ძვირფასი ადამიანი, სანამ ჯანმრთელი იყო, მოასწრო და დათესა მათ გულებში დიდი სიყვარული და ერთგულება, რამაც აიძულა ისინი, ასე ემოქმედათ. ე.ი. ასეთი რწმენა და სიყვარული იხილა უფალმა.
აქედან, დღევანდელი სახარებიდან, პირველი დასკვნა ის არის ჩვენთვის, რომ ჩვენ შეიძლება ვევედროთ უფალს ადამიანთა გასაჭირის გამო, სნეულებათა გამო, განსაცდელთა გამო და უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით.
მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის.