პოლიტიკა

ჯეიმს ვებმა შორეულ ეგზოპლანეტას პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღო

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ ვარსკვლავთან მოძრავ პლანეტას პირველი პირდაპირი სურათი გადაუღო.

გაზის გიგანტის მკრთალი ნათება ტელესკოპმა ჩვენგან 350 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავთან დააფიქსირა; ეს გახლდათ დემონსტრაცია იმისა, რომ ტელესკოპს ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლია. ტექნიკურად რთულია, მაგრამ ეს გაცილებით სხვაგვარ ხელსაწყოს გვთავაზობს ეგზოპლანეტების შესასწავლად, ვიდრე არაპირდაპირი მეთოდები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ.

„გარდამტეხი მომენტია, არა მხოლოდ ვების, არამედ ზოგადად, ასტრონომიისთვის“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი საშა ჰინკლი.

ამ დროისათვის, ოფიციალურად აღმოჩენილია მზის სისტემის მიღმა, ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებთან მოძრავი 5000 პლანეტა. მათ უმეტესობაზე ჩატარებულია მხოლოდ არაპირდაპირი დაკვირვებები, იმ ეფექტების საშუალებით, რომლებიც მათ საკუთარ დედავარსკვლავზე აქვთ.

როდესაც ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის სინათლე ოდნავ ბნელდება; თუკი რეგულარული ინტერვალების მქონე ასეთ ჩაბნელებებს დავაფიქსირებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ეგზოპლანეტა მოძრაობს.

ამას გარდა, ეგზოპლანეტას საკუთარ ვარსკვლავზე უმცირესი გრავიტაციული გავლენაც აქვს, რისი დაფიქსირებაც შესაძლებელია ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეების რეგულარული ცვლილებების სახით. ორივე ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ვარსკვლავთან ახლომდებარე პლანეტებზე.

ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვებები იშვიათია; ამ დროისათვის, მაღალი კონტრასტით გადაღებულია მხოლოდ 20 მათგანი. ეგზოპლანეტები ჩვენი ინსტრუმენტებისგან ძალიან შორს არის, არიან ძლიერ პატარები და მკრთალები, განსაკუთრებით მათი ვარსკვლავის სიკაშკაშის ფონზე.

ეგზოპლანეტა შეიძლება გაცილებით მკრთალი იყოს, ვიდრე მათი ვარსკვლავის დიფრაქციული სინათლის ჰალო; თუმცა, ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ხელსაწყო ვარსკვლავის გარშემო შორ მანძილზე, მრავალწლიან ორბიტაზე მოძრავ ეგზოპლანეტათა დასახასიათებლად.

ტელესკოპის მიერ გადაღებული ეგზოპლანეტის სახელია HIP 65426 b და ის გარს უვლის A-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს, სახელად HIP 65426 ან HD 116434. პლანეტა ამ ვარსკვლავის გარშემო 110 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს, ანუ დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილიდან 110-ჯერ უფრო შორიდან.

ის 2017 წელს აღმოაჩინეს, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტით, რომელსაც SPHERE-ს უწოდებენ. ეს ინსტრუმენტი აღჭურვილია ხელსაწყოთი, სახელად კორონოგრაფი, რომელიც ვარსკვლავის სინათლეს მინიმუმამდე ამცირებს, რათა ეგზოპლანეტის ნათება დავინახოთ.

VLT-ის მიერ დაფიქსირებულ ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში, ეგზოპლანეტა დაახლოებით 10 000-ჯერ მკრთალია, ვიდრე ვარსკვლავი.

ვინაიდან ჯეიმს ვები კოსმოსშია და ხელს არ უშლის დედამიწის ატმოსფერო, ამავე დროს, ხედავს უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს, ვიდრე VLT, მისმა დაკვირვებებმა ეგზოპლანეტის შესახებ ახალი დეტალები გამოავლინა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია