პოლიტიკა

2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 69%-ით, ხოლო ფრენები 70%-ით აღდგა

2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%-ი.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემებით 3 212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 997 მგზავრს მოემსახურა.

2022 წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6 785-ს, ხოლო ჩარტერების – 1 771-ს. 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ  8 788. 996 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

2021 წლის ექვს თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ, გასულ ექვს თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54 591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2022 წლის განვლილ ექვს თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია: Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი); Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი); Pegasus – 10% (164 293 მგზავრი); Belavia – 6% (108 979 მგზავრი); Fly Dubai – 5%  (85 954 მგზავრი); Israir – 5% (79 395 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი); Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი); Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი); EL AL – 3% (51 288 მგზავრი).

პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს.

 

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია