26 მაისსსაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: ქ. რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილეს და ქართული დიპლომატიის ისტორიას, ცალკე საგამოფენო სივრცე – „საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ მიეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას.
ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. რუსთავში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყობა შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 14:00 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. სტუმართა საზეიმო განწყობაზე ასევე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი.
17:10-ზე ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. 17:30-ზე დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე დრამერების ჯგუფი „არტ ლაიფი“ წარდგება. საზეიმო ღონისძიებები კი ბენდ „გუფი ლენდის“ კონცერტით დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.