პოლიტიკა

ბრიტანეთი წელს კიბოს ვაქცინის ადამიანებზე ცდებს დაიწყებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყება, რომ თანამშრომლობს გერმანულ კომპანია BioNTech-თან და შემოდგომაზე, ერთობლივად დაიწყებენ კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ცდებს.

პროექტის ფარგლებში, ვაქცინები შექმნილია mRNA ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად შექმნა ეფექტიანი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ.

ახალი პროექტის მიზანია, გაერთიანებულ სამეფო 2030 წლამდე მიაწოდოს 10 000 პერსონალიზებული სამკურნალო საშუალება. ცდები არაუგვიანეს შემოდგომამდე დაიწყება.

კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებად ამ დრომდე რჩება ქირურგიული ჩარევა (სიმსივნური უჯრედების ამოკვეთა), რადიოთერაპია (კიბოს უჯრედების დაწვა) და ქიმიოთერაპია (კიბოს უჯრედების გამრავლების შეჩერება მათი მოკვლის გზით).

ქიმიოთერაპია მკაცრი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა. ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოჩნდა ახალი სამკურნალო საშუალებებიც, მაგალითად, იმუნოთერაპია, რომლის მუშაობის პრინციპიც ასეთია: ბლოკავს კიბოს უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებს (ცილებს, სახელად CTLA-4, PD1 და PDL1).

ჩვენმა იმუნურმა სისტემამ უკვე იცის, როგორ ებრძოლოს კიბოს, მაგრამ იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად, კიბოს უჯრედები სწორედ ამ ცილებს იყენებენ.

ამ რეცეპტორების დაბლოკვის შემდეგ, იმუნურ სისტემას შეუძლია ამოიცნოს კიბო, როგორც საფრთხე და მოკლას.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პრეპარატებსაც აქვს საკუთარი გვერდითი ეფექტები, ისინი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ქიმიოთერაპიის. თანაც, თერაპია შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაშიც.

დაახლოებით ათი წლის წინ, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ისინი განსაკუთრებით კარგად მოქმედებდნენ მელანომებში — კანის კიბოს აგრესიულ ფორმაში.

მას შემდეგ ვნახეთ, რომ ისინი ასევე მოქმედებს მრავალი სხვადასხვა კიბოს წინააღმდეგ, ფილტვის კიბოთი დაწყებული, შარდის ბუშტის კიბოთი დამთავრებული და ასევე ისეთ კიბოებში, რომლებსაც ზედაპირზე ბევრი PDL1 ცილა აქვთ ან იმ კიბოების წინააღმდეგ, რომელთა დნმ-შიც ბევრი მუტაციაა.

თუმცა, ამ სახის პრეპარატები ყველანაირ კიბოში არ მოქმედებს და ხშირად საერთოდაც არ მუშაობს. კიბოს სხვა პრეპარატთა მსგავსად, ისინი შეიძლება მოქმედებდეს გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი მოქმედება შეწყვიტონ.

2022 წლის დეკემბერში, ფარმაცევტულმა კომპანიებმა Moderna-მ და Merck-მა პერსონალიზებული კიბოს ვაქცინის წარმატებული შედეგების შესახებ გვამცნეს. ამჟამად მიმდინარე ცდის პაციენტებს მე-3 სტადიის მელანომა ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბო უკვე გავრცელებული იყო მიმდებარე ლიმფურ კვანძებში.

მოქმედების ნორმალური კურსი იქნება ქირურგიული ოპერაცია სიმსივნისა და მიმდებარე ლიმფური კვანძების ამოღების მიზნით; და პაციენტისთვის PD1-ის საწინააღმდეგო პრეპარატის მიცემა.

ახალ, პერსონალიზებული ვაქცინის მიდგომაში, მეცნიერებმა აიღეს პაციენტის მელანომის ნიმუშები და მათი დნმ შეისწავლეს.

შემდეგ აიღეს დნმ-ის 34 ყველაზე მუტირებული ნაწილი, ე. წ. ნეოანტიგენები და ისინი mRNA-ს სპირალში მოათავსეს, რომელიც მიჩნეულია უჯრედების ერთგვარ პროგრამულ უზრუნველყოფად დნმს (მყარი დისკი) და ცილას (აპარატურა) შორის.

ამის შემდეგ, ეს mRNA (ინფორმაციული რნმ) პაციენტებს პერსონალიზებული ვაქცინის სახით მისცეს. პესონალიზებული იმიტომ, რომ ყველას სხვადასხვა ნეოანტიგენები აქვს და შესაბამისად, კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტმა ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ვაქცინა მიიღო, რომლებშიც 34-მდე სხვადასხვა მუტაცია იყო ჩაშიფრული mRNA-ს მხოლოდ ერთ სპირალში.

mRNA კოვიდვაქცინების მსგავსად, ეს mRNA პაციენტებში კიბოს მცირე ნაწილს ქმნიდა და იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ რეაგირებდა, რათა პაციენტი დაეცვა.

კვლევის შუა ეტაპის შედეგებმა აჩვენა, რომ პერსონალიზებული ვაქცინის დამატებამ კიბოს დაბრუნების რისკი 44 პროცენტით შეამცირა, თუ შევადარებთ სტანდარტული მიდგომით (ქირურგია და შემდეგ PD1-ის საწინააღმდეგო იმუნოთერაპია) მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ არ დაფიქსირებულა ამჟამინდელი იმუნოთერაპიისგან განსხვავებული, დამატებითი გვერდითი ეფექტები.

მართალია, ასეთი შედეგები პოტენციურად ნიშნავს თამაშის წესების შეცვლას, საჭიროა ვიხილოთ სხვა სახის კიბოებში მიღწეული შედეგებიც, უფრო დიდ ცდებში.

წარმოუდგენლად ამაღელვებელია, როდესაც mRNA-ზე მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია BioNTech-ი ბრიტანეთთან თანამშრომლობას იწყებს კემბრიჯში კვლევითი ჰაბის შესაქმნელად, სადაც მკურნალობის ამ მიდგომას 10 000 პაციენტზე გამოცდიან.

მედიცინაში წინსვლა ძირითადად მცირე ნაბიჯებით ხორციელდება, მაგრამ კიბოს ეს ვაქცინა, პერსონალიზებული, მიზანმიმართული პრეპარატის ახალი ფორმა — შეიძლება, დიდი ნახტომი აღმოჩნდეს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

ასევე ნახეთ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 54,91% მიიღო, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია