პოლიტიკა

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, სამწუხაროდ, გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ თავმჯდომარემ, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სეზონი ჩავარდა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა წელს ტრადიციული ბაზრებიდან მოლოდინები გაცილებით ნაკლები იყო.

„ტრადიციულ ბაზრებად ითვლებოდა რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს და წელს ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება. 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა და კლიენტთა უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩარიცხული სასტუმროებში. კერძო სექტორი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება. უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების საკითხს კანონმდებლობით ვერ ვარეგულირებთ.

ჩამოვიდა ბევრი ინსტრუქტორი, რომელთაც საერთაშორისო ლიცენზია აქვთ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. ბევრი ტურისტის შემთხვევაში ხდება გადანაწილება. თითქმის ყველა ინსტრუქტორს ჰყავს ე.წ. თავისი კლიენტი. მაშინ როდესაც ტურისტების ასეთი სიხალვათეა, ამ დროს ეს პრობლემა ძალიან იჩენს თავს. საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო ვითარებაა. ეს ტურისტებისთვისაც ძალიან ცუდია. ზოგიერთ ინსტრუქტორს თავისი კლიენტი თვითონ მოჰყვება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი წლის პერიოდში, 4-5 იანვრამდე ძირითადად დიდი დატვირთვა იყო ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრების ხარჯზე, დაახლოებით 70%.

„ყველა ობიექტს, ვისაც საბანკო სესხი აქვს, პროცენტი გადანაწილებული აქვთ შემდეგნაირად – ზამთრის პერიოდში უფრო დიდ გადასახადს იხდიან, ვიდრე არა სეზონის პერიოდში. 2019-2020 წლის ზამთარი იყო ასეთი ცუდი, 2021-2022 საკმაოდ კარგი ბუნებრივი კლიმატური პირობები გვქონდა. პანდემია გავიდა და წელს უნდა გვქონოდა კარგი სეზონი. სამწუხაროდ, ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა.

გუდაური როგორ უნდა გადაეწყოს სხვა სისტემაზე, ის არის მაღალმთიანი კურორტი, სადაც ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია და მოწყობილია ზამთრის კურორტისთვის. 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება პერსონალი და ახალი რეგულაცია, როდესაც სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი შეცვალეს 40 საათამდე. ტურიზმის მთელი მიმართულება არის სეზონურ ტურიზმზე დამყარებული და ადამიანები დაძალებით არ მიდიან. პირიქით, როცა ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, ის მორალურად მზად არის, იმუშაოს მეტი, ვიდრე 40 საათი. ეს ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, იმავე სასტუმროში, სადაც მუშაობს. გარემო ისეთი აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში იქ უნდა იყოს. დაქირავებული და დამქირავებელი თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე. დროა, გადავიდეთ საათობრივ ანაზღაურებაზე, განსაკუთრებით ჩვენს სექტორში. ვაკანსია ძალიან ბევრია, ანაზღაურება, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს, სულ მცირე, 30%-ით გაიზარდა. წელსაც იქნება ანაზღაურების ზრდა, თუმცა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. ანაზღაურების გამო მიდიან კადრები“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წელი იყო ძალიან კარგი და სექტორმა დიდი შემოსავალი მიიღო.

„პანდემიის შემდეგ სექტორმა ამოისუნთქა. აპრილის ბოლოდან, მაისიდან აქტიური სეზონი დაიწყო. სექტორმა დიდი შემოსავალი მიიღო. აუცილებელია დასაქმების სააგენტოების გაჩენა, სადაც ძირითადი დასაქმებული იქნება სტუდენტი. იქნება ე.წ ფართ თაიმი. ამ ეტაპზე, დამსაქმებლისთვის, რომ პერმანენტული კადრი აიყვანოს, საკმაოდ მძიმე ტვირთია. ამის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება საათობრივი ანაზღაურების სისტემის შემოღება“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია