პოლიტიკა

ჩიკვატია: DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის, ვწყვეტ პრაქტიკას

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას წყვეტს.

ექიმი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა და მიიჩნევს, რომ ეს მოდელი დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებისთვის.

ლევან ჩიკვატია აღნიშნავს, რომ ამ სისტემის ამოქმედებით მათ ოპერაციების ჩატარება უხარისხო იმპლანტებით უწევთ, რაც მისივე თქმით, “პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე”.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან გადავიდნენ.

DRG არის დაფინანსების მოდელი, რომელიც განსაზღვრავს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს და ადგენს, რამდენი უნდა დაიხარჯოს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნისათვის. ამ სისტემის მიხედვით, სახელმწიფო აფინანსებს კლინიკას არა სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების, არამედ კონკრეტული დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, DRG მოდელი გულისხმობს, რომ ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი უნდა ჰქონდეს.

ექიმის FACEBOOK-პოსტს სრულად გთავაზობთ:

“DRG- და ისევ ეს ყბადაღებული დი არ ჯი და მისი იმპლემენტაცია ქართული ჯანდაცვის სისტემაში! პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის. ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ- ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტ დამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად, ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების. რაც საკმაოდ ძვირია მთელს მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში.

დი არ ჯის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არ მყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე! 4 თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად-არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი- ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!

ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში. ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად!!! და მორჩა. შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი.

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა. აქვე მოგიყვანთ 490 გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის დი არ ჯი ევროპაში, ( ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის. სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა. ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო, ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება, დაე ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ”- წერს ჩიკვატია.

ასევე ნახეთ

არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია