დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
“გუშინ გვიან საღამოს ენერგო-პრო ჯორჯიამ შეძლო აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა დღეს დილით კვლავ გაუარესდა ამინდი და სამეგრელოს, იმერეთის და გურიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის”, – აცხადებენ კომპანიაში.
ძლიერმა ქარმა იმერეთის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზიანებულია როგორც კერძო ინფრასტრუქტურა, ასევე სახელმწიფო შენობები, რეგიონის 150 სოფელს არ აქვს დენი. წყალი არ მიეწოდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის 3 ათას აბონენტს. ძლიერი ქარის გამო 600 შენობა ნაწილობრივ ან სრულად სახურავის გარეშეა დარჩენილი, აქედან 340 მდე კერძო სახლია, 180 – მრავალბინიანი კორპუსი, 40 სახელმწიფო და 20 – ბიზნესობიექტი.
პრობლემებია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშიც – დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავები. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.