პოლიტიკა

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია – ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ სიმხეცეს უწოდებს.  ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა დაშავებულები, მისი თქმით, 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო.

„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“, – უთხრა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს.

ლევან იოსელიანის თქმით, ეს მიუთითებს დაუსჯელობაზე, რომელმაც ძალადობა წაახალისა და შესაძლოა ეს პროცესი მსხვერპლითაც დასრულდეს.

„მინდა მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ აი, ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი, გაცილებით წინა აქციებისგან, გაცილებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ის ასევე მოუწოდებს პოლიციელებს, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, „მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ“, რადგან „ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა“.

„შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები“, – განაცხადა იოსელიანმა მედიასთან.

ასევე ნახეთ

აქციაზე 43 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია