პოლიტიკა

ფრჩხილის ლაქის საშრობი მოწყობილებები და კიბოსთან დაკავშირებული რისკები – კვლევა

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ულტრაიისფერი ნათების მქონე ფრჩხილის ლაქის გასაშრობი მოწყობილებები, რომლებიც გელ-ლაქისთვის გამოიყენება, შესაძლოა ადამიანის უჯრედების კვდომას და უჯრედში კიბოს გამომწვევ მუტაციებს იწვევდეს.

კვლევის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ამ მოწყობილობებში ზოგადად ულტრაიისფერი სხივების კონკრეტულ სპექტრს იყენებენ გელ-ლაქის გასაშრობად (340-395 ნანომეტრი). სოლარიუმში კი სხვა სიხშირის გამოსხივება გამოიყენება (280-400 ნანომეტრი), რომელიც უნივერსიტეტის ცნობით, კვლევებითაა დადასტურებული რომ კარცინოგენულია – კიბოს გამოწვევის პოტენციალი აქვს. ფრჩხილის საშრობებში გამოყენებული სხივების სპექტრი კი ამ დრომდე კარგად არ იყო შესწავლილი.

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის და უჯრედული და მოლეკულური მედიცინის პროფესორი ლუდმილ ალექსანდროვი აცხადებს, რომ ამ მოწყობილობების გავლენის შესწავლა ადამიანის უჯრედზე მხოლოდ ახლახან დაიწყო.

„თუ შევხედავთ როგორ წარმოჩინდება ეს მოწყობილობები, მათი როგორც უსაფრთხოს მარკეტინგი ხდება, ისე თითქოს სანერვიულო არაფერია. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დრომდე არავის შეუსწავლია ეს მოწყობილობები და ის თუ რა გავლენას ახდენენ ადამიანის უჯრედებზე, როგორც მოლეკულურ ისე უჯრედულ დონეზე“ – აცხადებს ალექსანდროვი. 

მკვლევრებმა ცდები 3 ტიპის უჯრედზე ჩაატარეს: ზრდასრული ადამიანის კერატინოციტებზე – კერატინის წარმომქმნელ ეპიდერმულ უჯრედზე, ადამიანის წინადაცვეთის დროს მოკვეთილი კანის (foreskin) ბოჭკოებზე და თაგვის ემბრიონულ ბოჭკოებზე. მკვლევრების ცნობით, სამ სხვადასხვა ტიპის უჯრედებზე დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე დანადგარების მხოლოდ ერთხელ – 20 წუთის განმავლობაში დასხივება იწვევს 20-დან 30%-მდე უჯრედების განადგურებას, ხოლო 3 მიმდევრობითი 20-წუთიანი დასხივების სესია 65-დან 70%-მდე უჯრედების კვდომას იწვევს.

კვლევის მიხედვით, ულტრაიისფერი სხივებით დასხივებამ ასევე გამოიწვია მიტოქონდრიული და დნმ-ის დაზიანება გადარჩენილ უჯრედებში და გამოიწვია იმის მსგავსი მუტაციები, რაც კანის კიბოს მქონე ადამიანებში შეიმჩნევა.

„ჩვენ რამდენიმე რამ დავინახეთ: პირველი, ჩვენ ვნახეთ, რომ დნმ ზიანდება. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ დნმ-ზე ზიანის ნაწილი დროთა განმავლობაში არ გასწორდა და ულტრაიისფერი ფრჩხილის გასაშრობი მოწყობილობით ყოველ დასხივებას მუტაციებამდე მივყავართ. და ბოლოს, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ დასხივებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მიტოქონდრიული დისფუნქცია, რამაც, შესაძლოა, შედეგად დამატებითი მუტაციები მოიტანოს. ჩვენ დავაკვირდით კანის კიბოს მქონე პაციენტებს და ვხედავთ მუტაციების ზუსტად ანალოგიურ პატერნებს ამ პაციენტებში, რაც ვნახეთ დასხივებულ უჯრედებში“ – განაცხადა ალექსანდროვმა.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფრჩხილის ლაქის გასაშრობი დანადგარების ხშირი გამოყენება ადამიანის უჯრედებს აზიანებს. თუმცა მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ადამიანის უჯრედებზე ამ მოწყობილობების ხშირი გამოყენების უარყოფით შედეგებს აჩვენებს, საჭიროა გრძელვადიანი ეპიდემიოლოგიური კვლევა, ვიდრე ამ დანადგარების გამოყენების შედეგად კანის კიბოს რისკების ზრდის შესახებ დანამდვილებით ეცოდინებათ.

მკვლევარი ალექსანდროვი აცხადებს, რომ ამ კვლევის იდეა მას მაშინ გაუჩნდა, როცა წაიკითხა სტატია სილამაზის კონკურსის მონაწილეზე, ვისაც თითზე იშვიათი ფორმის კანის კიბო დაუდგინდა.

„ვიფიქრე, ეს უცნაური იყო, ამიტომ დავიწყეთ ამის ძიება და შევნიშნეთ სამედიცინო ჟურნალებში დიდი რაოდენობით ცნობები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმ ადამიანებში, ვინც გელ-ლაქს ძალიან ხშირად იყენებენ, მაგალითად, კონკურსების მონაწილეები და ესთეტიკოსები – მათ თითებზე ძალიან იშვიათი კიბოს შემთხვევებზეა საუბარი, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს რაღაც, რაც ამ ტიპის კიბოს იწვევს. და რაც ჩვენ დავინახეთ, იყო ის, რომ იმაზე, რას უკეთებს ეს დანადგარები ადამიანის უჯრედს ნულოვანი მოლეკულური ცოდნა არსებობს“ – განაცხადა ალექსანდროვმა.

სტატიის მიხედვით, ეს მონაცემები ადამიანის უჯრედებზე და ასევე იმ ადამიანებში კიბოს იშვიათი ფორმის შემთხვევები, ვინც ძალიან ხშირად იყენებენ გელ-ლაქს, ქმნიან სურათს, რომ ეს კოსმეტიკური პროცედურა იმაზე საშიშია, ვიდრე ამ დრომდე გვეგონა. თუმცა იმის გასარკვევად, არის თუ არა გელ-ლაქის წელიწადში ერთხელ გამოყენება საშიში, თუ მხოლოდ მათთვის არსებობს ეს რისკები, ვინც ამ ტიპის ლაქის საშრობს ხშირად იყენებს, დამატებითი კვლევებია საჭირო. დამატებითი კვლევებით მოხდება კიბოს გაჩენის რისკების ზრდის შეფასება და იმის გამორკვევა, თუ რა სიხშირით გამოყენების შემთხვევაში ჩნდება ეს რისკები.

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის გამოყენების საფრთხეებზე პასუხები, სავარაუდოდ უახლოეს წლებში არ გვექნება, მკვლევრების ჯგუფი აცხადებს, რომ ვინაიდან ამ კოსმეტიკურ პროცედურას ბევრი ალტერნატივა აქვს, შესაძლოა, ამხელა პოტენციური რისკის ფასად გელ-ლაქის ამ ფორმით გაკეთება არ ღირდეს.

„ჩვენი ექსპერიმენტული შედეგები და მანამდე შედეგები მტკიცე ვარაუდებს აჩენს, რომ ულტრაიისფერი ფრთხილის ლაქის საშრობების მიერ გამოყოფილმა რადიაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კიბო ხელებზე და რომ ულტრაიისფერი ფრჩხილის ლაქის საშრობებმა, გასარუჯი დანადგარების მსგავსად, შესაძლოა გაზარდონ ადრეული კანის კიბოს რისკები. ამის მიუხედავად, მომავალში გრძელვადიანი ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება გამართლებულია, რათა კანის კიბოს რისკის ზუსტად შეფასება მოხდეს იმ ადამიანების ხელებზე, ვინც რეგულარულად იყენებს ამ ულტრაიისფერ ფრჩხილის ლაქის საშრობებს. სავარაუდოდ, ამგვარი კვლევების დასრულებას და შემდგომში ზოგადი მოსახლეობის ინფორმირებას, სულ მცირე, ათი წელი დასჭირდება“ – აცხადებს მკვლევარი.

ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ულტრაიისფერ ფრჩხილის ლაქის საშრობებს სხვა სამომხმარებლო პროდუქტებისგან, რომლებიც ამავე სპექტრის ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებენ, მათ შორის, კბილების დაპლომბვა და ზოგიერთი თმის მოსაშორებელი პროცედურა – მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ პროცედურას ხშირი და მთლიანად კოსმეტიკური მიზნით გამოყენება გამოარჩევს.

ასევე ნახეთ

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე …