პოლიტიკა

გელათში კედლის მხატვრობის გადასარჩენად, სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება.

იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს.

დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად, გრძელდება სპეციალისტების მიერ 24-საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.

ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან, ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი გახდა ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებულია.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე (ძირითადი ტაძარი) ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, საგანგებოდ, სამინისტროს მოწვევით, გელათში მიმდინარე წლის მაისის თვის დასასრულს ეწვივნენ.

ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აკვირდებოდა. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს.

ამჟამად გელათში ჩამოსული ჯგუფის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ზედამხედველობას კვლავ იგივე პროფესიონალები გაუწევენ.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია