გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და დაღუპულთა თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის” დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ.
გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის”.