პოლიტიკა

IDFI – საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.

რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.

“რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, – რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.

რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდებაეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცმეთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100”, – წერია ინფორმაციაში.

ამასთან, IDFI აღნიშნავს, რომ ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული – საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია”-ს 50%-ის მფლობელი.

„რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.

გარდა ამისა, iDFI აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად კომპანიების დასარეგისტრირებლად თბილისს ირჩევენ – აქტიური სტატუსის მქონე იურიდიული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების თითქმის ნახევარი სწორედ თბილისშია რეგისტრირებული.

iDFI-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გამჭვირვალობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებული ქვეყანაა.

„საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების მიკვლევადობას არაერთი ფაქტორი ართულებს – ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ასობით შპს და ინდ. მეწარმე, ფაქტიური მისამართის არარსებობა, ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახული რუსეთის მოქალაქეების კომპანიები და შუამავალი კომპანიები. ამასთან, იმის თქმა თუ რეალურად რამდენი კომპანია ოპერირებს საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით, ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია.

აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში – მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში – რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://idfi.ge/ge/companies-founded-by-citizens-of-russia-in-georgia-links-and-registration-characteristics?fbclid=IwY2xjawFcuO1leHRuA2FlbQIxMAABHextoh7FYmITXh1Q48klQrbVDlKnCcafed_cNIdpOH-xIosE97cSS2Zpxw_aem_F5vzaDnb-ZU4nERkIJtW1g.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია