საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ.
„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა შოვში, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.
აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, – განაცხადა პრემიერმა.
შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.