თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი სადაც ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ახლა ჯებირები გადანგრეულია.
კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაში იყო ეს პიროვნება თხრილში ჩავარდნისას, თუმცა აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.
„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო – ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,“ – განაცხადა კალაძემ.