პოლიტიკა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი, თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.

ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო- სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია