პოლიტიკა

ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოთარ შამუგიას თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ უნიკალური ბუნება, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, ბიომრავალფეროვნება, რაც გვაქვს რეგიონში და ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ ჩვენ აღებული გვქონდა გარკვეული ვალდებულება პარტნიორებთან, დონორებთან და ამ გადაწყვეტილებით პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. ჩვენ გვაქვს დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან, საგრანტო დაფინანსებები დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით და ამ დაფინანსებების ნაწილი მოხმარდება სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას, იქ შესაბამისი ადმინისტრაციის მოწყობას, აღჭურვას და მომსახურების ხარჯების გაწევას. ეს ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიჰყვება ამ კურსს, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს. დაახლოებით 800 ათას ჰექტარს შეადგენს დღეს დაცული ტერიტორია ქვეყანაში და მხოლოდ წელს, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტში გადაგზავნილი კანონპროექტებით, ამ კანონპროექტის ჩათვლით, დაახლოებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყანაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე ნახეთ

შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია