პოლიტიკა

პარლამენტმა “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და 73 ხმით მიიღო.

კანონპროექტი განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმაწარადგინა.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულების ნაწილი 2022 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა და დღემდე, აღსრულების პროცესში, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების გარეშე“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ პრობლემების აღმოფხვრას ითვალისწინებს, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა. ცვლილების თანახმად, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზუსტდება ვის და რა შემთხვევაში ეკისრება საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, რაც ნორმის არაზუსტი ინტერპრეტირების შესაძლებლობას გააქრობს. ინიციატივის მიხედვით, სპორტული და კულტურული ღონისძიების ბილეთის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, მოვაჭრეს მიენიჭება უფლება ხელშეკრულებით დაადგინოს დაბრუნების წესი და პირობები. მომხმარებელი, ბილეთის უკან დაბრუნების უფლებით, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე გამოიკვეთა მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის გამოთვლის წესთან და გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით აღმოიფხვრება.

 

„სააგენტოს მიენიჭება უფლება, მოვაჭრეს დაუდგინოს დრო მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ასევე, სააგენტოს მიენიჭება იმ მოვაჭრის დაჯარიმების უფლება, რომელიც მას სათანადო ინფორმაციას არ მიაწვდის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად აღსრულების ღონისძიებები უნდა იყოს დროული და ეფექტიანი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

საქართველოს პარლამენტი

ასევე ნახეთ

სახალხო დამცველი – პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი -კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში

სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდოარასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია