ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით სრულად აღდგა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველომ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი და მოთხოვნა კვლავ მზარდია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დადებითი დინამიკით, ფაქტობრივად, უკვე სრულად დაუბრუნდა პოსტპანდემიურ მაჩვენებელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტული ვიზიტები პირველი კვარტლის მონაცემებით, 95%-ით უკვე სრულად აღდგა, თუკი შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში წელს განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.