ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზოლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე.”
ის აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, ბათუმის პორტში 27 ივნისს გამთენიისას შევიდა, საღამოს კი ქალაქი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.
საკრუიზო გემის შემოსვლისა და რუსეთის მოქალაქეების ჩამოყვანის საპროტესტოდ, ბათუმის პორტში აქცია გაიმართა. აქციაზე მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, “დატოვეთ ჩვენი ქვეყანა”.