პოლიტიკა

სოსო ფხაკაძის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი იანვარი

“ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. ის ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი.

სოსო ფხაკაძე ამის შესახებ სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, რომ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა.

პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.

ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“,- წერს ფხაკაძე.

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია