ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შექმნა გურიაში – ურეკის, ლანჩხუთის, ოზურგეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დატბორილია ნატანები-ურეკის გზაც, მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ურეკში წყალმა დატბორა სახლების ეზოები და პირველი სართულებიც.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ გოგორეთში. ტექნიკის მისაყვანად, წვიმის გადაღებას ელოდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
“ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,” – აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.