პოლიტიკა

თბილისში 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

“უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ” – 2 აპრილს, 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში.

“სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ. ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები. ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი დღეს, 19:00 საათზე სამთავრობო პროპაგანდისტულ POSTV-სთან. ორგანიზატორები მიუთითებენ, რომ შალვა რამიშვილი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა – ის სექსუალურად ავიწროებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს – ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად “ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.”

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია