უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის თქმით, უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ დილით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, უკრაინის 48 საათის განმავლობაში დატოვება სთხოვა, ამაზე კი ქართული მხარე დაეთანხმა.
„გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია მაუწყა და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და სთხოვა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არა ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.
„ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე – გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე, გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს“, – აღნიშნა ელჩმა