პოლიტიკა

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და მეტროსადგური ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტება

9 თებერვლიდან „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა.

„ვიწყებთ „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იცით, რომ დიდი პრობლემა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ, რა სავალალო შედეგი მოხდა „ვარკეთილის“ მეტროში, მხედველობაში მაქვს მეტროს ჭერის ჩამონგრევა. შემდეგ ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით.

კომპანია, რომელიც შეასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, არის კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე „ავლაბრის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13 მილიონ 400 ათას ლარს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადეგინილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ზაფხულისთვის „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს.

„გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ შემუშავდა იმ სამუშაოების პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რადგან მეტრო განსაკუთრებული ობიექტია და სამუშაოების წარმოება თავისი სტანდარტებით უნდა განხორციელდეს. „ვარკეთილის“ მეტროს დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბზე აზბესტის ჭერის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით ორი თვით, თუმცა ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას მოსახლეობას.

მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზები დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსებით, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მნიშვნელოვანი პროექტია. ბევრი კრიტიკა დავიმსახურეთ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხდებოდა აღნიშნული სამუშაოების წარმოება და ვიღებთ ამ კრიტიკას, რადგან რეალურად ამდენი წელი გავიდა და მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა, რომ აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია დაგვეწყო. ამას აქვს თავის ახსნა, მაგრამ, როგორც ვიცით, ეს ადამიანებს არ აინტერესებთ და აბსოლუტურად მესმის მათი. 9 თებერვალს ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია