პოლიტიკა

ზურაბ ჩხაიძე – თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ასე გაგრძელდება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.

„ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიერ საკვების მიღების შეზღუდვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.

„ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა და დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ ამ მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა და თავის პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, რომ კიდევ დამძიმდეს მისი მდგომარეობა, რათა შემდეგ შეიძლება მართლა გახდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანი. ყველას საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, პაციენტი, სადაც ახლა იმყოფება, ყველა აპარატურით არის აღჭურვილი. ფაქტობრივად, ეს არის ინტენსიური პალატა. ამ ეტაპზე, მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც არ სჭირდება. ერთადერთი პრობლემა რჩება, შეასრულოს ექიმის რეკომენდაცია, საშუალება მოგვცეს შევასრულოთ ჩვენი სამედიცინო დანიშნულება, მხოლოდ და მხოლოდ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შენარჩუნდეს სასიცოცხლო ფუნქციები და მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, მის თანაპარტიელებს, ახლობლებს იმისათვის, რომ ეს ადამიანი დაარწმუნონ, რომ ასე ნუ აკეთებს და ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკა პასუხისმგებლობას არ იხსნის და პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს.

„მას გათვლილი აქვს ის კალორაჟი, რაც უნდა მიიღოს, შეთავაზებულია საკვები დანამატი, ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ენერგორესურსების შესავსებად, მაგრამ ადამიანი ამ ყველაფერზე მიზანმიმართულად უარს აცხადებს“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ამასთან, ექიმმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი საკვებს მცირე რაოდენობით იღებს და კოვიდინფექცია ხელისშემშლელი გარემოება არ არის საკვების მიღებისთვის, „მაგრამ აქ, ადამიანი თვითონ აცხადებს უარს იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა“.

ფოტო: ipn.ge

ასევე ნახეთ

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია