პოლიტიკა

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის განსახორციელებლად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება.

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development- ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება.

ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი
უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად მიმდინარეობს.

„მიუსაფარი ცხოველების თემა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქალაქისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. თბილისში უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად, შეუძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

პარლამენტში უკვე დაწყებულია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ამ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია