აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე საგანგებო განცხადებაში პრემიერ-მინისტრს მიმართეს კითხვით დაუფინანსებს თუ არა მედიკამენტს. წირავს ის მათ შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს.
მშობლების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაფინანსებაზე პასუხი უარყოფითი იქნება, გაჩერებას არ აპირებენ.
„დღეს, მშობლები, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში, ძალიან დამცირებულები და გაყინულები ვართ. ასეთი გამწარებული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ უმძიმესი ღამე გვქონდა. წვიმასა და სიცივეში ვიყავით, მაგრამ ყურადღება მაინც არავინ მოგვაქცია. ახლა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ველოდებით. საბოლოო პასუხი გვითხრას – მედიკამენტს გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს. არანაირი გაწელვა!
- ჯანდაცვის სამინისტროს დაპირება წელიწადი და ოთხი თვე ვითმინეთ. ამის გამო, არანაირი დაპირება! მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს. სწირავს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ, მშობლები არ დავიღლებით მაშინაც, თუ პასუხი უარყოფითი იქნება“, – აღნიშნეს მშობლებმა.