საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტების საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ საქართველო მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, თუმცა საჭიროა მოცდა, რომ მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცეს.
„სახელმწიფოს მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს. მინდა კარგად ავუხსნა საზოგადოებას და პირველ რიგში მშობლებს. მე მესმის მათი ემოციურობის და ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ „მიეცით წამალი ბავშვს“. თითქოს წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, რომ თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენს გარშემო იცით ძალიან ბევრი, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც იგივე დიაგნოზით მკურნალობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომელიც წარმატებულია და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხაროდ, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, რადგან ვატყობ, რომ მიუხედავად ამ კომპეტენტური, კვალიფიციური განმარტებებისა, არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას.
თქვენ იცით, რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც ეს მედიკამენტი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს ამ მედიკამენტს. გესმით, ხომ რა მარტივად არის საქმე?! ანუ ჯერ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი არის მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროექტის დაფინანსება და შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად, რომ აგიხსნათ ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს.
ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ ინსტრუქციებს და მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.
მე მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ბავშვების ჯანმრთელობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს. ამიტომ საჭიროა მოცდა. მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, რომ სამინისტრო მზად არის ერთად გავიაროთ ეს პროცესი და გზა, დაველოდოთ მათ შორის, ჯანმოს საბოლოო დასკვნებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.
200 ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ 200 ქვეყანაში საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრს და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია და კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ მედიკამენტით მკურნალობას ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“, – განაცხადა პრემიერმა.