„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.
ზურაბ აზარაშვილმა კანონმდებლებს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, დასაქმებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 880 მლნ. ლარს შეადგენს.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე გაამახვილა. მათ შორის, თურქული ბაზრის გახსნაზე, მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, რეფერენტული ფასების დაწესებაზე, სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციაზე, რეფერალური დახმარების პროგრამასა და ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე. მან ასევე ისაუბრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პირველადი ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურულ რეფორმებზე.
„2023 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი. ამ ცვლილებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის მნიშვნელობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობა უკრაინიდან ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზეც ზრუნავს. უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია იშვიათი დაავადებების მართვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამები. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ბავშვთა ზრუნვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და პენსიონერთა სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა.
„2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 365 ლარით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, 2023 წლიდან „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის” პროგრამას დაემატა შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ქვეპროგრამები, რომელიც საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.
ზურაბ აზარაშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს.
©️ საქართველოს პარლამენტი