Breaking News

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ – ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა ხომ? – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე.

მან გაიხსენა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. მისი აზრით, მაშინ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე – სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი – ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს – მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი 4 დღეში მხოლოდ იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხომ? ჩვენს შემთხვევაში რუსეთის წილი, ბრუნვა არის 0.3% და ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით ტარდება.  ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.

 

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია