ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა.
როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.
ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.