„ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე; პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ისე „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის და პასუხს არავინ არაფერზე აგებს.
„ჩვენ მივიღეთ კვლავ ლაპარაკი იმაზე, რა გააფუჭა წინა ხელისუფლებამ. რა გაფუჭდა და რა არ გაკეთდა მაშინ. უკვე ამის სერიოზულად კომენტირებაც შეუძლებელია. ვინ მესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე? – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ის პერიოდია, როცა გირგვლიანის საქმეც ხდებოდა, „იმედის“ დარბევაც, 7 ნოემბერიც, ბიზნესის დაწიოკებაც, ადამიანების ციხეებში ჩაყრაც. ვინ აფინანსებდა ამას? ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებდა 2008 წლამდე? ერთი დღე არ ვმდგარვარ სააკაშვილის გვერდით. მე მიხსნით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობა“? უმადურობაა, რასაც აკეთებთ.
ვინაა კიდევ დამნაშავე ამ ქვეყანაში, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] ამბობს, რომ იმ წლებში ყველაფერი კარგად იყო, თქვენ [„ქართული ოცნება“] ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის.
არ ვიცი, მე და ზილფიმიანი ვართ, ალბათ, დამნაშავე, ჩვენ გაგვიფუჭებია ეს ქვეყანა მაშინაც და ახლაც. ასე ევროპაში ვერ შევალთ. ევროპა იმიტომ გვინდა, რომ ევროპაშია ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სახელისუფლებო თრობაში არ ჩავარდებიან, ხელისუფლებას არ ჩაებღაუჭებიან, მერე ამის გამო ყველაფერზე არ წავლენ და ევროკავშირთან დაკავშირებით იმაზე არ ისაუბრებენ, რაც დღესაც მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან“ – განაცხადა უსუფაშვილმა.