პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ კოალიციის წევრებმა განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდათ, თუმცა ელოდებოდნენ დროს, როცა იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.

„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.

ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.

თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ [პარლამენტი] არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე ნახეთ

ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა

ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა. “ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია