პოლიტიკა

საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდი დაამარცხა. დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა ლუკა ლოჩოშვილის მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

ფარერის კუნძულების შეხვედრაში სანაკრებო კარიერა დაასრულა ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი ლორიამ. 39 წლის ფეხბურთელმა 17-წლიანი სანაკრებო კარიერა 79-ე მატჩში დაასრულა. თამაშის დაწყებამდე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გიორგი ლორიას სამახსოვრო მაისური და სპეციალური პრიზი გადასცა.

ფარერის კუნძულების წინააღმდეგ პირველი სანაკრებო მატჩი ჩაატარეს ნიკა გაგნიძემ და დავით კერესელიძემ, საბა ხარებაშვილი კი, 16 წლის, 9 თვის და 2 დღის ასაკში ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 8 ივნისს, ჩვენი გუნდი კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. გავაკეთეთ თითქმის ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა. ბევრი მომენტი შევქმენით და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, რაც მეორე ტაიმში გაგვიადვილებდა თამაშს. არ ვარ კმაყოფილი მეორე ნახევრით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემადგენლობას ერთად არასდროს უთამაშია და ფეხბურთელებისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა.

კარგია, რომ გიორგი ლორიას ბოლო სანაკრებო მატჩი გამარჯვებით დასრულდა. ეს კარგი დამშვიდობება იყო და მინდა ვთქვა, რომ მან მაღალ დონეზე ითამაშა.

ჩემი აზრით, საბა ლობჟანიძე დღეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მჯერა, რომ მარცხენა ფლანგზე უფრო შედეგიანია და მეტ შესაძლებლობას ქმნის. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. ეს მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. დღეს შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა და კარგი თამაში ჩაატარა.

ნიკა გაგნიძე ძლიერი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და შეუძლია ძალიან ბევრი ირბინოს მოედანზე. ასეთი ტიპის მოთამაშე აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში. მან უნდა გააგრძელოს მუშაობა საკუთარ თავზე, მოუმატოს თამაშს კლუბში და იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის შემადგენლობაში.

დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შესაძლოა სექტემბერშიც ჩვენთან ერთად იყვნენ. თუმცა, სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. ეს არის შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის, გვაჩვენონ სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს, რომ შეუძლიათ იყვნენ ამ გუნდის ნაწილი. ამიტომ, უნდა აღვიდგინოთ ძალები, რადგან კვირას სრულიად განსხვავებულ გუნდთან გველის საინტერესო თამაში”.

ფოტო – ეროვნული ნაკრები

ასევე ნახეთ

საქართველო – ფარერის კუნძლები | ამხანაგური მატჩი დინამო არენაზე

5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია