მაინტერესებს როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის საკითხს და რა შეიძლება ყველამ გავაკეთოთ საიმისოდ, რომ 21-ე საუკუნეში მესამე პრეზიდენტი არ მოვკლათ საპატიმროში, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ,,ვივამედის” კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისვლისას განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავენ და საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექნებათ. რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას, მანჯგალაძის თქმით, საქართველოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.
კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მანჯგალაძის აზრით, თავად სააკაშვილი არ გააკეთებს იმას, რომ სხვა პუნქტებზე წინ საკუთარი თავი დააყენოს.
,,ვფიქრობ თავად სააკაშვილი არ გააკეთებს იმას, რომ 12 პუნქტზე წინ საკუთარი თავი დააყენოს. არ მგონია თქვას ჩემი გათავისუფლებაა მთავარი და სხვა საკითხები არ გვაინტერესებსო”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.