ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ასევე ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს.
„ძალიან მოხარულები ვართ დროული დებატებით ევროპარლამენტში. ჩვენი დელეგაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. რუსეთის ომმა შეცვალა ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია. მოხარულები ვართ, რომ ფართო მხარდაჭერაა ევროკომისიის იმ მიდგომის მიმართ, რაც გვაქვს რეგიონის მიმართ. 17 ივნისს წარმოვადგინეთ რეკომენდაციები და ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი წინადადებები. ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და ამ გადაწყვეტილებით მოხარულები ვართ. კანდიდატის სტატუსი მიენიჭება საქართველოს მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, იმუშაოს ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ჩვენ ყურადღებით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, რათა მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, ერთ მაგიდასთან დასხდნენ რეფორმებზე სამუშაოდ. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ“, – განაცხადა მიხაელ რუპმა.