პოლიტიკა

რუსეთში „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის დირექტორი – კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ

კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა.

„მაკდონალდსმა“ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე დატოვა. კომპანიამ მაისში ქვეყანაში არსებული ყველა რესტორანი ადგილობრივ მფლობელზე გაყიდა. 12 ივნისს რესტორნებმა მუშაობა განაახლეს ახალი სახელწოდებით „ვკუსნო ი ტოჩკა“. როგორც მედია წერს, რესტორნების მფლობელი აღიარებს, რომ შემოდგომამდე კარტოფილი „ფრის“ დეფიციტს განიცდის. აღნიშნულის მიზეზად კომპანიის მფლობელი რუსეთში ცუდ მოსავალს და მიწოდების პრობლემებს ასახელებს.

„რაც ახლა მოხდა, არის ის, რომ ცნობილი მოვლენების გამო მრავალმა უცხოურმა კომპანიამ, მე ვიტყოდი, რომ კარტოფილი „ფრის“ ყველა უმსხვილესმა მწარმოებელმა უარი თქვა ამ პროდუქციის რუსეთში მიწოდებაზე“, – განაცხადა პაროევმა RBC TV-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კარტოფილი „ფრის“ მწარმოებელი ქარხნები როგორც რუსეთისადმი მეგობრულ, ისე არამეგობრულ ქვეყნებში ეკუთვნის 5-6 მსხვილ კომპანიას, რომელთა სათაო ოფისები რუსეთისადმი არამეგობრულ ქვეყნებშია განთავსებული. შესაბამისად, მათ უარი თქვეს რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე.

პაროევის თქმით, რუსულ კარტოფილთან დაკავშირებული პრობლემები უკავშირდება იმ კონკრეტული სახეობის დეფიციტს, რომელიც გამოიყენება რესტორნების ქსელის მიერ კარტოფილი „ფრისთვის“. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მომავალ წელს შესაძლოა, რუსეთში კარტოფილი „ფრის“ წარმოებასთან დაკავშირებით სირთულეები გაჩნდეს, რადგან ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე საწარმო არსებობს, რომელსაც კარტოფილის შესაბამისად გადამუშავება შეუძლია.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია