საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული წარმოების სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა, რომელიც სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის. An-12 კავალას აეროპორტში დაშვება შესთავაზეს, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაცია დაიკარგა. ის კავალას აეროპორტიდან დასავლეთით 40 კილომეტრში ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება, რის გამოც ადგილზე მისულ მეხანძრეებს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ.
ადგილის შესწავლა დრონების მეშვეობით მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ იპოვიან „შავი ყუთს“, რითაც შესაძლებელი გახდება ავარიის გარემოებების დადგენა.
როგორც მედია წერს, ბორტზე რვიდან-ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და 12 ტონა საშიში ტვირთი, სავარაუდოდ ჭურვები გადაჰქონდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი კომპანია „მერიდიანს“ ეკუთვნის და ძირითადად ჩარტერულ რეისებს ასრულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-სთან და ნატო-სთან სხვადასხვა, მათ შორის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების სწრაფად გადასაზიდად.