პოლიტიკა

რატომ გაძვირდა პირადობა და პასპორტი? – საჯარო რეესტრის განმარტება

2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა. პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარმა დავით უსუფაშვილმა მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა, საჯარო რეესტრის პასუხიდან ირკვევა, რომ ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, პირადობის მოწმობის თვითღირებულება 44 ლარს, პასპორტის თვითღირებულება კი 98 ლარს შეადგენდა. 

რატომ გაძვირდა დოკუმენტების საფასური? – საჯარო რეესტრის განმარტება:

1) სხვადასხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

სააგენტოს მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (რომელშიც შედის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, უცხოელების ბინადრობის მოწმობები და პირადობის ნეიტრალური მოწმობები) გაიცემა ელექტრონული მატარებლით. მათი მაღალტექნოლოგიურობისა და წარმოებისათვის დადგენილი მკაცრი სტანდარტებიდან გამომდინარე, ისინი იწარმოება უცხოეთში (გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში) და მომწოდებელთან ანგარიშსწორება ხდება ევროთი. 2011 წელთან შედარებით, როდესაც სააგენტომ ამ დოკუმენტების გაცემა დაიწყო, ევროს კურსმა განიცადა დაახლოებით 40%-იანი მატება, რაც პირდაპირ აისახება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებაზე. ხსენებული აპარატურის შესყიდვისას მას ახლდა საგარანტიო მომსახურება და ამ მიმართულებით არ ხდებოდა ხარჯის გაწევა. დროთა განმავლობაში აპარატურას გაუვიდა საგარანტიო ვადა და საჭირო გახდა დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება აპარატურის გეგმური მოვლა-შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის თაობაზე. ეს ხარჯი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს, კერძოდ:

ა) ბლანკის ღირებულება – 3.09 ევრო (10.78 ლარი). სულ 2020 წელს გაიცა 191 054 ცალი დოკუმენტი (ევროს კურსის ცვალებადობის გამო გაზრდილია დაახლოებით 40%-ით);

ბ) პერსონალიზაციის სისტემის ტექნიკური მომსახურებისა და მარაგნაწილების ხარჯი – 1 030 750.96 ლარი (2011 წელს აღნიშნული ხარჯი საერთოდ არ გაიწეოდა საგარანტიო მომსახურების არსებობის გამო);

გ) პასპომატის სისტემის მომსახურება – 181 465 ლარი (ევროს კურსის ცვლილების გამო გაზრდილია დაახლოებით 40%-ით; პასპომატის დეტალური აღწერა იხ. ქვემოთ);

დ) სააგენტოს სხვა დანარჩენი დანახარჯებიდან ID ბარათის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი – 5 179 180.95 ლარი (აღნიშნული თანხა გამოთვლილია მთლიან შემოსავალში ID ბარათის წილის პროპორციულად).

სერვისებთან დაკავშირებული რეალური სურათის ნათლად წარმოსაჩენად საკმარისია მაგალითის სახით 2020 წლის მონაცემების მოყვანა (პანდემიის დაწყების წელი), ვინაიდან იმ პერიოდისთვის საერთო მდგომარეობაზე (მსოფლიოშიც და საქართველოშიც) ჯერ კიდევ არ იყო არსებითად ასახული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამდენად, 2020 წელს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა სულ 8 451 139.64 ლარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის თვითღირებულება შეადგენს 44.23 ლარს, ხოლო მისი ღირებულება (მომხმარებლისთვის), მთავრობის დადგენილების მოქმედი რედაქციით, შეადგენს 30 ლარს.

იქიდან გამომდინარე, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს და მისი ფასი აუცილებლად აისახება მოწყვლადი ფენების ფინანსურ მდგომარეობაზე, გადაწყდა, რომ ამ დოკუმენტის ღირებულება გაიზარდოს 30 ლარით და განისაზღვროს 60 ლარით. შემოთავაზებული ფასი მიღებულია პირადობის ელექტრონული მოწმობის თვითღირებულებაზე 30 პროცენტიანი ნამატით და განპირობებულია იმით, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მოთხოვნა სააგენტოს სხვა სერვისებს შორის ყველაზე მაღალია და მისი ღირებულების გაზრდის გარეშე შეფერხდება სხვა სერვისების სუბსიდირება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა, გარდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორისა, როგორიც არის პირის იდენტიფიკაცია და არაერთი სახელმწიფო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციასაც ითავსებს (მაგ., პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით შესაძლებელია ქვეყნიდან გასვლა თურქეთის რესპუბლიკისა და უკრაინის მიმართულებით). ამასთან, 2011 წლისგან განსხვავებით, დღეისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერის საშუალებას. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ხორციელდება პირადობის ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატის მეშვეობით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის საშუალების (QSCD) სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება სააგენტოსთვის დაკავშირებულია ისეთ დამატებით ხარჯებთან, როგორიცაა:

ა) კანონით დადგენილი გეგმური და მოსამზადებელი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შეფასება. გასულ წლებში სააგენტომ გაიარა აუდიტორული შემოწმებები, რომელთა ღირებულება, თითოეულ შემთხვევაში, დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენდა. აუდიტის გავლა საჭიროა ყოველწლიურად;

ბ) „კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N343 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა. ავტორიზაციის მისაღებად კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების პროცესში სააგენტომ, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს აუდიტის დასკვნა მის მიერ გაწეული მომსახურების კანონთან და ამ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ. აუდიტის დასკვნად მიიჩნევა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შესახებ კერძო აუდიტის დასკვნა და შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ISO/IEC 17065 სტანდარტის მოქმედი ვერსიის მიხედვით აკრედიტებული სერტიფიცირების იმ ორგანოს მიერ, რომლის აკრედიტაციის სფეროა სანდო მომსახურების მიმწოდებელთა შესაბამისობის შემოწმება ETSI EN 319 403 სტანდარტის მიხედვით. თავის მხრივ, მაღალტექნოლოგიური სტანდარტების შესანარჩუნებლად აუცილებელია სტანდარტების დოკუმენტების ანალიზი და მათი გათვალისწინებით მრავალი მოცულობითი დოკუმენტის შექმნა, რისთვისაც საჭიროა იშვიათი პროფესიის კადრების დასაქმება და მათი სახელფასო ანაზღაურების უზრუნველყოფა არა მხოლოდ დოკუმენტირებისათვის, არამედ გამართული პროგრამული უზრუნველყოფისათვის, ასევე, − სანდო მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვება-შენარჩუნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდა. ხარჯების მატების მიუხედავად, ხაზი უნდა გაესვას, რომ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ფაქტობრივად, სისტემატური ხასიათი შეიძინა სხვადასხვა სახის აქციებმა და ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე მსურველთა საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევებმა, რაც საფასურის მატების უარყოფითი შედეგებისგან მოწყვლადი ფენების დაცვის ქმედითი მექანიზმია. 2011 წლიდან (აღნიშნული დოკუმენტების გაცემის დაწყებიდან) დღემდე უფასოდ ან შეღავათიან ფასად გაიცა 2 346 754 პირადობის ელექტრონული მოწმობა.


2. პასპორტის ტიპის დოკუმენტი

აღნიშნული ტიპის დოკუმენტებიც (ისევე, როგორც პირადობის ტიპის დოკუმენტები), მათი წარმოებისათვის დადგენილი უმაღლესი სტანდარტების საჭიროებიდან გამომდინარე (რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო ძირეული კომპონენტია), მზადდება უცხოეთში (საფრანგეთის რესპუბლიკაში). შესაბამისად, მომწოდებელთან ანგარიშსწორება ხდება უცხოურ ვალუტაში – ევროში. 2011 წელთან შედარებით, როდესაც აღნიშნული დოკუმენტების გაცემა დაიწყო, ევროს კურსმა განიცადა დაახლოებით 40%-იანი ცვლილება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სააგენტოს მიერ მიწოდებული მომსახურების თვითღირებულებაზე. საჭირო აპარატურის შესყიდვისას მას ახლდა საგარანტიო მომსახურება და აღნიშნული მიმართულებით არ ხდებოდა ხარჯის გაწევა. დროთა განმავლობაში აპარატურას გაუვიდა საგარანტიო ვადა და საჭირო გახდა დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება აპარატურის გეგმიური მოვლა-შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის თაობაზე. ეს ხარჯი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. გარდა ამისა, პასპორტის პერსონალიზაცია დაკავშირებულია სხვადასხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯთან (სასერვერო ინფრასტრუქტურა, პასპომატის სისტემა, კარტრიჯები, რომელიც საქართველოში არ იწარმოება და მათი ღირებულებაც, 2011 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი). მაგალითად, პასპომატის სისტემის მომსახურების საფასური, რომელიც წარმოადგენს მაღალი წნევის მილებისგან შემდგარ რთული ტიპის ინფრასტრუქტურას (იუსტიციის სახლის მშენებლობის ეტაპზე ინტეგრირებული მაღალი წნევის მილებისა და კომპრესორების ერთობლიობა), რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის უსაფრთხო და სწრაფი გადატანის საშუალებას „მფრინავი კონვერტების“ გამოყენებით. აღნიშნული სისტემის მეშვეობით დაინტერესებულ პირზე გასაცემი დოკუმენტი კონკრეტულ ოპერატორს პერსონალიზაციის ცენტრებიდან რამდენიმე წამში მიეწოდება. 2020 წელს პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს ჰქონდა შემდეგი სახის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები:

ა) ბლანკის ღირებულება – 7.08 ევრო (24.74 ლარი). სულ 2020 წელს გაიცა 120 457 ცალი დოკუმენტი (ევროს კურსის ცვალებადობის გამო გაზრდილია დაახლოებით 40%-ით);

ბ) პერსონალიზაციის სისტემის ტექნიკური მომსახურებისა და მარაგნაწილების ხარჯი – 360 142.45 ლარი (2011 წელს აღნიშნული ხარჯი საერთოდ არ გაიწეოდა საგარანტიო მომსახურების არსებობის გამო);

გ) პასპომატის სისტემის მომსახურება – 181 465 ლარი (ევროს კურსის ცვლილების გამო გაზრდილია დაახლოებით 40%-ით);

დ) პრინტერის კარტრიჯები – 819 680.47 ლარი;

ე) სააგენტოს სხვა დანარჩენი დანახარჯებიდან პასპორტის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი – 7 458 020.56 ლარი (აღნიშნული თანხა გამოთვლილია მთლიან შემოსავალში ID ბარათის წილის პროპორციულად).

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წელს სისტემის სიძველის გამო სააგენტოს უწევს (ერთჯერადი კაპიტალური ხარჯები) აპარატურის ნაწილის განახლება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 360 000 ევროს, ასევე საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის ახალი განვითარებული ვერსიის შეძენა, რომლის ღირებულებაც არის 485 000 ევრო.

ამდენად, 2020 წელს პასპორტის გაცემაზე გაწეულმა დანახარჯებმა სულ შეადგინა 11 799 784.47 ლარი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, პასპორტის ტიპის დოკუმენტის თვითღირებულება შეადგენს 97.96 ლარს, ხოლო მისი ღირებულება (მომხმარებლებისთვის), მთავრობის დადგენილების მოქმედი რედაქციით, შეადგენს 100 ლარს. ვინაიდან პასპორტის გაცემა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მომსახურებას, თუ მის ღირებულებაში არ გავითვალისწინებთ ფასნამატს სხვა სერვისების სუბსიდირებისთვის (მაგალითად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, ჰუმანიტარული და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის), სხვა სერვისების ხარჯზე შეუძლებელი გახდება უფასო და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასაცემი სერვისების ხარჯების დაფარვა. ამდენად, საჭიროა, რომ ღირებულება გაიზარდოს 50 ლარით და განისაზღვროს 150 ლარით.

ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, იმავე მომსახურების დაჩქარებული წესით მიღების საფასური, საბაზისო ღირებულებასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 20 ლარს, იზრდება დაჩქარებული მომსახურების ვადის პროპორციულად. ისევე, როგორც პირადობის მოწმობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც შენარჩუნებული იქნება საფასურისგან გათავისუფლების მექანიზმები. 2010 წლიდან (აღნიშნული დოკუმენტების გაცემის დაწყებიდან) დღემდე უფასოდ ან შეღავათიან ფასად გაიცა 849 269 პასპორტი.

აუცილებელია, ცალკე გამოვყოთ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი – ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად. ამ მომსახურების ბენეფიციარები არიან ფინანსური თვალსაზრისით მოწყვლადი პირები, აღნიშნული დოკუმენტის გაცემა კი სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საფასური არ იზრდება და ამ მომსახურებისთვის საჭირო თანხის სუბსიდირება სხვა სერვისებისთვის დადგენილი საფასურებიდან მოხდება. არსებული რეგულაცია რჩება სამგზავრო პასპორტთან მიმართებითაც, რომელიც გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე.

ცვლილების პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების ან ნაკლები საფასურის გადახდის ვალდებულებას იმ შემთხვევებში, როდესაც: სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მყოფი პირის ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნულ დაწესებულებაში; პირი არის იძულებით გადაადგილებული/დევნილი; თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ; შესასწორებელი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან სამედიცინო დაწესებულების განცხადების საფუძველზე და შეცდომა გამოწვეულია განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით; განმცხადებლები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს; თუ შესაბამისი ცნობა აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადაანგარიშებისათვის. ასევე, მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ დაჩქარებულ ვადებში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი განიხილება და შესაბამისი დასკვნა მზადდება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წარდგინების საფუძველზე. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან
დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.

სააგენტო გეგმავს ახალი თაობის ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრიული პასპორტების გაცემას, რისთვისაც ასევე საჭიროა დამატებითი ადამიანური რესურსი და შესაბამისი ტექნიკა და მასალა (აღნიშნული პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 200 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს).

აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო კვლავაც შეინარჩუნებს მნიშვნელოვანი რაოდენობის უფასო სერვისებს (სერვისები მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გასაცემი სერვისები), რომელთა სუბსიდირება ხდება ფასიანი სერვისების ხარჯზე. მაგალითად, დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეგისტრაციის სერვისები არის უფასო, ასევე უფასო რჩება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოპოვება. 2011 წლიდან სააგენტოში მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის აქციები, რომელთა საფუძველზეც უფასოდ ან/და შეღავათიან ფასად გაიცემოდა დოკუმენტები (დეტალური ოდენობები ზემოთ მოგახსენეთ). ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო სუბსიდირებისთვის საჭირო თანხებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გარდა იმისა, რომ ნარჩუნდება უფასო სერვისები, შემოთავაზებული ცვლილების პროექტით უქმდება მომსახურების საფასური მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე. აღნიშნული მომსახურების საჭიროების მქონე პირები, როგორც წესი, გამოირჩევიან სოციალური რისკების მიმართ დაუცველობით და არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ დღეისათვის დადგენილი მომსახურების ღირებულება – 25 ლარი. საფასურის გაუქმების რეკომენდაცია ასევე აქვთ აღნიშნულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველო, დღეის მდგომარეობით, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების ხელშეწყობის თვალსაზრისით მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად, რომლის გამოცდილებასაც იზიარებს მრავალი ქვეყანა. ამასთანავე, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დაწესებული აქვს საფასური სტატუსის დადგენისთვის, რაც აფერხებს სტატუსის დადგენის პროცედურაზე დაინტერესებული პირების ხელმისაწვდომობას. მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ამ პირებისთვისაც უქმდება საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით განცხადების წარდგენიდან მე-80 დღეს მინიჭებისთვის დადგენილი საფასური. აღნიშნული გამომდინარეობს მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციის 32-ე მუხლიდან, რომლის შესაბამისად, „ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ მოქალაქეობის არმქონე პირების ასიმილირებასა და ნატურალიზაციას. ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დააჩქარონ ნატურალიზაციის პროცედურები და შეძლებისდაგვარად შეამცირონ ასეთი პროცედურების გადასახადები და ხარჯები“. საქართველო ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა 2011 წლიდან.

წარმოდგენილი პროექტით უქმდება საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემისთვის დადგენილი საფასური, ვინაიდან აღნიშნულ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილების პროექტით სააგენტოს სერვისებზე საზღვარგარეთ უცხოურ ვალუტაში გადასახდელი თანხის ოდენობა შემცირებულია და უთანაბრდება საქართველოს ტერიტორიაზე ამავე მომსახურებისთვის გათვალისწინებულ საფასურებს (დამატებულია, მხოლოდ დოკუმენტის უცხოეთში გაგზავნის საფოსტო მომსახურების ღირებულება). აღნიშნული ცვლილებით თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან ჩაყენებული პირები განურჩევლად იმისა, საქართველოს ტერიტორიიდან მოხდება განაცხადის შემოტანა თუ უცხო ქვეყნიდან,”- ნათქვამია საჯარო რეესტრის განმარტებაში.

წყარო: bm.ge

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია