პოლიტიკა

პენტაგონი ზებგერითი რაკეტების მონიტორინგისთვის თანამგზავრების გაშვებას გეგმავს

პენტაგონი ზებგერითი რაკეტების მონიტორინგისთვის თანამგზავრების გაშვებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პენტაგონის კოსმოსური სისტემების მართვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 2025 წლისთვის 28 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლებიც ზებგერითი რაკეტების მონიტორინგს განახორციელებენ.

თავდაცვის უწყების ცნობით, მათ შექმნაზე შესაძლოა 1.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს. დეპარტამენტის დირექტორის, დერეკ ტერნერის განცხადებით, თანამგზავრების დასამზადებლად კონტრაქტების დადება L3Harris Technologies-თან და Northrop Grumman Strategic Space Systems იგეგმება, რომლებიც 14-14 თანამგზავრს დაამზადებენ.

თანამგზავრების ნაწილი დედამიწიდან 1 000 კილომეტრის მანძილზე განთავსდება, ხოლო ნაწილი 10-20 ათასი კილომეტრის მანძილზე. თანამგზავრები ხუთ წელიწადში ერთხელ შეიცვლება. 2025 წლისთვის 28 თანამგზავრის განთავსების შემდეგ, დამატებით კიდევ 54 თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

ტერნერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაკავშირებულია რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებთან. მისი თქმით, ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ზებგერითი რაკეტების განვითარების კუთხით, რომლებზეც თვალყურის დევნა ან ჩამოგდება უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტების.

„რუსეთი და ჩინეთი ავითარებენ და ცდიან ახალ საბრძოლო აპარატებს. ეს თანამედროვე რაკეტები უაღრესად მანევრირებადია. ახალი თანამგზავრები შექმნილია სპეციალურად ზებგერითი რაკეტების აღმოსაჩენად, მონიტორინგისთვის და მათი სამიზნეების პროგნოზირებისთვის“, – განაცხადა ტერნერმა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია