ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ მან ფრანგული სააგენტოსთვის – „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიგანაცხადა. ლუკაშენკო აუცილებლობად მიიჩნევს შეთანხმებას და „უკრაინაში ოპერაციის და ომის დასრულებას“, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ომი.
„მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ ვიცხოვროთ. შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენს საუკუნეში, როცა ადამიანები საზღვრებსაც კი არაფრად ჩააგდებენ. ამისკენ მიდიოდა ყველაფერი, თავისუფლად გადავაადგილდებოდით. საზღვრები იყო პირობითი. ამიტომ, მოდით, გავჩერდეთ. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა. წინ ბირთვული ომის უფსკრულია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ალექსანდრ ლუკაშენკო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა და განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება დღესვეა შესაძლებელი; ამისთვის უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დათანხმდეს, რომ ისინი არასდროს დაემუქრებიან რუსეთს და არ ექნებათ უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი, რომლითაც რუსეთს დაემუქრებიან.
„მიეცით გარანტიები. დაეხმარეთ კიევს, კიევი მისცემს ამ გარანტიებს, თუ თქვენ, ნატოელები და ამერიკელები, დათანხმდებით, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიას საფრთხე არ დაემუქრება. მაშინ რუსეთი მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, კერძოდ – მოიაზრება თუ არა იქ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ლუკაშენკო ამბობს, რომ ეს უკვე აღარ განიხილება.
„მისმინეთ, ეს უკვე აღარ განიხილება. შეიძლებოდა ამაზე თებერვალ-მარტში საუბარი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.