საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც აღინიშნა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8 100 000 ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.
„საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.
ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი, სამუშაოების დასრულებამდე, სრულიად გამოუსადეგარი იყო დამსვენებელთათვის. დღეს განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბულვარით უკვე ისარგებლებენ როგორც მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ისე კურორტის სტუმრები.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს 500-ზე მეტი შენობის და 80-მდე პარკისა და სკვერის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, შენობების კარ-ფანჯარები შეიცვალა ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით, გაძლიერდა ენერგოეფექტურობის კომპონენტი თბოიზოლაციით, მოწესრიგდა მიმდებარე საფეხმავლო ზოლები, გამწვანდა სკვერები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სხვა.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტების უშუალო ჩართულობით შეირჩა. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოებიც“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.