პოლიტიკა

“გვემუქრებიან, რომ 2008 წელს მოგვანატრებენ” – რუსეთის მოქალაქეების თავდასხმა დედაენის ბარზე

დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს.

ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ.

ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ.

„დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე ჩვენ ძველ ხორცს ვყიდით, ხაჭაპურში ტარაკანი იპოვეს, როცა არც ხორცი არც ხაჭაპური ჩვენს ასორტიმენტში არ არის და რაც ყველაზე უარესია გვემუქრებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს მოგვანატრებენ, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი, რომ ბაბუაჩვენები მადლიერი უნდა იყვნენ რუსების, რომ გადაგვარჩინეს თურქებს და სპარსელებს, რომ შეგვიქმნეს და გვაჩუქეს სახელმწიფო“ – აცხადებს ბარის მფლობელი.

2 აგვისტოს დედაენის ბარმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ბარს მასობრივად უწერდნენ დაბალ შეფასებებს. ადმინისტრაციის თქმით, მათი უკმაყოფილება ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც შენობაში რუსეთის მოქალაქეები სპეციალურად შექმნილი ციფრული ვიზის გარეშე ვერ მოხვდებიან. ადმინისტრაციის ცნობით, რუსების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ბარის პერსონალი მათ რუსულ ენაზე არ ესაუბრება.

რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ვიზის აღება ბარის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. რეგისტრაციის ფორმაში წერია, რომ ვიზის დაწესების მიზანი ისაა, რომ ბარში არ მოხვდნენ „ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები“.

დედაენის ბარის ვიზის მიღების მსურველმა რუსეთის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნონ შემდეგი ველები:

  • მე ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია.
  • მე ვგმობ უკრაინაში რუსეთის აგრესიას.
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც, სხვა ოკუპირებული ტერიტორიები .
  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა.
  • საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
  • ყოველი მე-12 ქართველი რუსეთის შემოჭრის გამო დევნილად იქცა.
  • მე მომწონს ფრაზა: “Russkii Voennii Karabl, Idi Na Xui”.
  • Slava Ukraini

ვიზის მზურველები ასევე უნდა დაეთანხმონ ბარში ქცევის კოდექსს. კოდექსის პუნქტები მათ შორის მოიცავს თანხმობას რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, რომ ბარის პერსონალთან კომუნიკაციისთვის ინგლისურ ან ქართულ ენას გამოიყენებენ, თანხას რუბლში არ გადაიხდიან და პოლიტიკურ დისკუსიებში არ ჩაერთვებიან. 

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია