სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება.
„გამოცხადდა განცხადებების მიღება სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთათვის.
15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განცხადებები მიიღება ელექტრონულად: contact@parliament.ge ან მატერიალური სახით: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8ა.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი.
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
ე) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე საჯარო გახდა ბრძანება, სადაც გაწერილია კონკრეტული პროცედურები თუ როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა ცხრა კაციანი კომისიის მიერ. კანდიდატურების წარდგენა კი 21 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. მათი რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.