არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის თვალის ახვევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
„საერთო ჯამში, რასაც ვხედავთ ერთი რადიკალური მიმართულების პარტიაა, მეორე – ლიდერები ამ პარტიის გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, ერთადერთი დასკვნის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით და დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, რომ სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს არის მრავალპარტიულობა. სინამდვილეში კი არის ერთი მთლიანი, ამიტომ შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი გამოსდით მათ ყოველთვის – „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ახლა არაფერი ახალი არაა ამ მხრივ. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადის შექმნის. სინამდვილეში, არანაირი გაყოფა, გაერთიანება არ ხდება. ეს გუნდი იყო ყოველთვის ერთიანი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, საერთო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს ჯამია „ნაციონალური მოძრაობა“, შესაკრებლები კი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან.
„საერთო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს ჯამია „ნაცმო“, შესაკრებლები კი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან, ყველა, ვისზეც ახლაა საუბარი – „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ყველა ამ ორგანიზაციის ლიდერები არიან „ნაცმოს“ სახეები.
თავის თავს კი ხანდახან ყოფილ სახეებს ეძახიან, თუმცა ყოველ ჯერზე შესაკრებლების სწორედ ასეთი გადალაგება და საბოლოო ჯამში, „ნაცმოს“ მიღება ადასტურებს, რომ არც არასდროს დაშლილა „ნაციონალური მოძრაობა“. ესაა ერთი იდეოლოგიური გუნდი, რომელიც იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად დააბნიოს საზოგადოება, ხანდახან გაიყოფა სხვადასხვა ფლანგზე, მაგრამ საბოლოოდ ყველა კრიტიკულ მომენტში ისინი ერთიანდებიან, ყველა ასეთ მომენტში ეს შესაკრებლები იკრიბებიან ერთ ჯგუფად, რომელსაც „ნაცმო“ ჰქვია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.