ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობის დაგეგმვას. ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე კონტექსტში საუბრობს ლევან ხაბეიშვილზეც.
ჟორჟოლიანი ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციით მოეთხოვათ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა პარტიის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო, რაც გულისხმობდა სცენის დადგმას, ტრანსპორტის უზრუნველყოფას, სხვა ტექნიკურ დეტალებს და ამ ყველაფრისთვის საჭირო ფინანსებს. ნანუკა ჟოჟროლიანის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსებს და ხარჯვით ნაწილს განსაზღვრავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლისგანაც საბოლოო ჯამში აქციის „პოლიტიკურ დაფინანსებაზე“ უარი მიიღო.
„ეს ადამიანი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მიშას შექმნილი. პეტრე ცისკარიშვილმა მითხრა, რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო. ახლა ჩვენი პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნებიაო“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ეს ამბავი პარტიის შიგნით ყველამ იცის.
„ყველა ჯერზე მეუბნებოდნენ, ნანუკა, ახლა ამის დრო არ არის, ამით იხეირებს კობახიძე. რით უნდა იხეიროს კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს ფიზიკურად, იხეირეს უკვე. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფით უკვე ხეირობს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გარდა ამისა, სააკაშვილის თხოვნით, აპირებდნენ აქციების დაგეგმვას და მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, პარტიიდან ლევან ხაბეიშვილს დაკონტაქტებოდა.
„მიშა არ არის ის, რომელიც იქედან რაღაცებს ითხოვს, არ ითხოვდა ამ რაღაცებს, სამი აქტივობა იყო, რომელიც მართლა მან მოითხოვა. ორიგინალური ფორმის, აქციები ცოტა სხვა ჟანრში. ეს აქციები უნდა დაგვეგეგმა. სადაც ტიპებს ესმოდათ, რომ მიშას აქტივობები შეიძლება, ყოფილიყო, ყველაფერს ჭრიდნენ. როგორც კი სადღაც იგებდნენ, რომ მიშასთან შეიძლება, რაღაცა გაფაჩუნებულიყო, ყველაფერი იჭრებოდა, ფინანსებიც, ლოჯისტიკაც, პარტაქტივი გვჭირდებოდა, ისიც იჭრებოდა. არაფერი არ იყო საერთოდ ჩვენს ირგვლივ. მიშა თუ სადღაც უნდა ყოფილიყო აქტუალური, ირგვლივ ყველაფერი კვდებოდა. სააკაშვილმა მითხრა, პარტიიდან დაუკავშირდი ლევან ხაბეიშვილსო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, ხაბეს დღესაც აქვს ურთიერთობა მიშასთან, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ერთი შეხვედრა გვქონდა, რაღაცები უნდა მოგვექოქა, მეორე შეხვედრა გვქონდა და ხაბე დავკარგე. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია და ამ საგამოძიებო ორგანიზაციიდან ებრძვის ბიძინას“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუქ“ ლაივში.