ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს.
ცნობილია, რომ ინფორმირებულმა წყარომ ჯონსონის იდეას უკრაინის “მარშალის გეგმა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კერძო დონორებისგან ფულის შეგროვების სურვილი აქვს.
როგორც The Telegraph-ს წყაროებმა განუცხადეს, ჯონსონი თავისი იდეის გამოცხადებას ამ ზამთარში “აშშ-ში ხმაურიანი ვიზიტით” გეგმავს. ბორის ჯონსონი ასევე შეხვდება ამერიკელ სენატორებს, რათა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბროს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უკრაინის ინტერესების ლობირებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ არსებობს. ამავდროულად, ერთ-ერთმა წყარომ გაზეთს განუცხადა, რომ ჯონსონს “არ სჭირდება ოფიციალური როლი უკრაინის მხარდასაჭერად კამპანიისთვის”, ის მაინც “მოაგვარებს ამ საკითხს”. ამავე დროს, ჯონსონი ხელმძღვანელობს უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს კონსერვატიულ პარტიაში.